English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 4 ∘ რამაზ აბესაძე
საქართველოს ეკონომიკის ტრანსფორმაციის ეტაპები და განვითარების ზოგადი მიმართულებები

რეზიუმე

მეოთხედ საუკუნეზე მეტია რაც საქართველოში დაიწყო ეკონომიკის ტრანსფორმაცია, მაგრამ სრულყოფილი საბაზრო ეკონომიკის ჩამოყალიბება ვერ მოხერხდა. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ის, რომ დღეისათვის განუვითარებელია საბაზრო ინფრასტრუქტურა (სასაქონლო, საფონდო და შრომის ბირჟები, სადაზღვევო სერვისი, საინვესტიციო ინსტიტუტები, მარკეტინგული, ინჟირინგული, კოლსანტინგური და საინფორმაციო სამსახურები და სხვ.), არაპროგრესულია, როგორც ეკონომიკური (განუვითარებელია სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო წარმოება, და¬ბალია მცირე ბიზნესის განვითარების დონე, ექპორტს რამდენეჯერმე აღემატება იმპორტი და ა.შ.), ისე სოციალური სტრუქტურა (ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბდა ძლიერი საშუალო ფენა, საკმაოდ დიდია უმუშევრობისა და სიღარიბის დონე და ა.შ.).

მომავალში საქართველოს ეკონომიკაში არსებული ნაკლოვანებების აღმოფხვრა და სწორ გზაზე გასვლა ვერ მოხერხდება უბრალოდ ინერციით სვლის შედეგად. მთავარი ყურადღება ეკონომიკურ განვითარებაზე, ანუ ეკონომიკის თვისებრივ სრულყოფაზე უნდა იქნეს გადატანილი, რათა აღმოიფხვრას ეკონომიკის დეფორმირებულობა. ეს კი განხორციელდება ქვეყანაში ახალი ანუ ინოვაციური ეკონომიკის მშენებლობის მეშვეობით.

საკვანძო სიტყვები: პოსტკომუნისტური ტრანსფორმაცია, ინოვაციური ეკონომიკა, ეკონომიკური ზრდა.

შესავალი

საქართველოს ეკონომიკაში ჯერ კიდევ დამოუკიდებლობის აღდგენამდე შეიმჩნეოდა კრიზისული მოვლენები [აბესაძე რ., არევაძე ნ. 2011]. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ კი მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა ძველი ეკონომიკური კავშირების მოშლის, მსოფლიო ბაზარზე ჩვენი ეკონომიკის არაკონკურენტუნარიანობის, ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობისა და ეკონომიკურპოლიტიკური სისტემის ძირეული გარდაქმნის (ტრანსფორმაციული პროცესების) გამო.

პოსტკომუნისტური ტრანსფორმაცია უმეტეს ქვეყნებში ეკონომიკური დაქვეითებით დაიწყო. ამასთან, არა სტაგნაციის, არამედ სტაგფლაციის პირობებში, რომელიც გამოწვეული იყო ფასების სწრაფი ზრდით არა მხოლოდ ნედლეულზე, არამედ პროდუქციის ყველა სახეობაზე ერთდროულად, წინა სისტემაში არსებული ფარული ინფლაციის გამო. მაშასადამე, საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის პირველ ეტაპზე ადგილი ჰქონდა აქამდე უცნობ ფენომენს - ფარული ინფლაციით გამოწვეულ ტრანსფორმაციულ სტაგფლაციას, რასაც მოსდევს სოციალური პრობლემების უკიდურესი გამწვავება, რაც საქართველოში ყველაზე აშკარად და მძაფრად გამოიხატა [აბესაძე რ. 2009].

საქართველოს ეკონომიკის ტრანსფორმაციის ეტაპები

საქართველოში შეიძლება გამოიყოს პოსტკომუნისტური ტრანსფორმაციის შემდეგი პერიოდები:

ეკონომიკური დაცემა, რომელიც თავისთავად მოიცავს სამანეთო ზონაში ყოფნისა და კუპონის პერიოდს იგი გრძელდებოდა რეფორმების დაწყებიდან 1995 წლამდე.

ეკონომიკური დაქვეითების მხრივ განსაკუთრებით მძიმეა 1991_1994 წლები, როდესაც ობიექტურად არსებულ ეკონომიკურ სირთულეებს შინაომები და შეიარაღებული კონფლიქტები აძლიერებდა. ზემოთ აღნიშნულ წლებში საქართველოში მკვეთრად შემცირდა მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მოცულობა წინა წლების მიმართ: 1991 წელს - 21,1; 1992 წელს - 44,9; 1993 წელს - 29,3; ხოლო 1994 წელს - 10,4 პროცენტით. საერთოდ, მშპ-მ 1994 წელს 1990 წლის მაჩვენებლის მხოლოდ 27,5 პროცენტი შეადგინა. კიდევ უფრო მეტად შემცირდა სამრეწველო პროდუქციის მოცულობა: 1991 წელს _ 23; 1992 წელს - 46; 1993 წელს - 37; ხოლო 1994 წელს - 39 პროცენტით. 1994 წელს სამრეწველო პროდუქციის მოცულობა 1990 წლის მაჩვენებლის მხოლოდ 16 პროცენტის ტოლი იყო. აღნიშნულ წლებში თითქმის განახევრდა სასოფლო-სამეურნეო წარმოების მოცულობა, კატასტროფულად შემცირდა მშენებლობის მასშტაბები. მკვეთრად დაეცა ქვეყნის ენერგოუზრუნველყოფის დონე. ისე, როგორც მთელ ეკონომიკაში, ენერგეტიკაშიც დაიწყო ნგრევითი პროცესები. 1994 წლისათვის ელექტროენერგიის გამომუშავება ორჯერ შემცირდა, თითქმის შეწყდა ქვანახშირის წარმოება, კრიტიკულ დონემდე დაეცა ნავთობის მოპოვების მოცულობა, სატყეო მეურნეობამ და მშენებლობამ პრაქტიკულად შეწყვიტა ფუნქციონირება, არაგადახდის¬უნარიანობის გამო ქვეყანას შეუწყდა ბუნებრივი აირის მოწოდება. საქართველო მწვავე ენერგეტიკულმა კრიზისმა მოიცვა.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გამო, კატასტროფულად გაუარესდა მოსახლეობის სოციალური პირობები. აღნიშნულ წლებში მკვეთრად გაიზარდა ფასები სამომხმარებლო საქონელზე (ინფლაციის ტემპებმა წელიწადში საშუალოდ 8500% შეადგინა): ცალკეულ წლებში კი ინფლაციის ტემპი გაიზარდა: 1992 წელს - 25-ჯერ, 1993 წელს - 92-ჯერ, ხოლო 1994 წელს - 120-ჯერ. ამავე წელს მუშაკთა მინიმალურმა ხელფასმა 1989 წლის ანალოგიური მაჩვენებლის - 1,65; საშუალო ხელფასმა - 1,64; პენსიის სიდიდემ - 1,64 პროცენტი შეადგინა, რაც აბსოლუტური სიდიდით, შესაბამისად 1,78; 5,02 და 1,78 დოლარით გამოისახებოდა.

ეს ის პერიოდია, როდესაც საქართველოს წინაშე იდგა ორი დიდი ამოცანა: პირველი - სახელმწიფოებრიობის აღდგენა, მეორე, - რეფორმების გატარება ახალ ეკონომიკურ წყობილებაზე გადასასვლელად. საკუთარი გამოცდილება, ბუნებრივია, ამ მიმართულებებით მას არ ჰქონდა, ამიტომ მოსალოდნელი იყო შეცდომების დაშვება. სამწუხაროდ, რეფორმების გზაზე არაერთი როგორც გაუაზრებელი, ისე გააზრებული შეცდომა იქნა დაშვებული, რამაც შეანელა საქართველოში რეფორმების განხორციელების ტემპი და, შესაბამისად, საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის პროცესი. შეცდომები განსაკუთრებით ტრანსფორმაციის სწორედ პირველ ეტაპზე იქნა დაშვებული. ეკონომიკურ გარდაქმნებზე ასევე ნეგატიური გავლენა იქონია შინაომებმა, პოლიტიკური და კრიმინოგენური დაძაბულობის არსებობამ (სხვადასხვა პოლიტიკურ და კლანურ დაჯგუფებათა ინტერესები, შინაომი და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებული ომი, ლტოლვილებისათვის სოციალური დახმარების გაწევა, ყაჩაღობა, რეკეტი, კორუფცია და მრავალი სხვა). ამ ეტაპზე სახელმწიფო ძირითადად მხოლოდ სხვა ქვეყნების დახმარების, სხვადასხვა სესხებისა და კრედიტების ხარჯზე ახერხებდა უკიდურესად გამწვავებული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების ნაწილობრივ შემსუბუქებას.

სახელმწიფოს არ გააჩნდა მეცნიერულად დასაბუთებული რეფორმების გატარების სტრატეგია. ეკონომიკური რეფორმების მოდელის შერჩევისა¬თვის საქართველოში დიდი შრომა არ გაწეულა, რადგანაც რეფორმები დაიწყო პირდაპირ რუსული ვარიანტის მიხედვით. ძირითად აქცენტი აღებული იქნა მაკროეკონომიკურ და ფინანსურ სტაბილიზაციაზე, მაშინ, როდესაც ქვეყანას თავდაპირველ ეტაპზე არც მაკროეკონომიკა და არც ფინანსები გააჩნდა, რის გამოც, რეალური გარდაქმნების გატარება შეუძლებელი გახდა [მესხია ი., მურჯიკნელი მ. 1996].

პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი შეცდომა იყო საქართველოს დარჩენა სამანეთო ზონაში, რაც, ბუნებრივია, საკუთარი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გატარების საშუალებას არ იძლეოდა. არადა, საქართველომ საბაზრო ეკონომიკაზე¬ გადასვლის სწორედ საკუთარი ფულად-საკრედიტო სისტემის მქონე ქვეყნის გზა - “შოკური თერაპიის” გზა აირჩია. “შოკური თერაპიის” მეთოდის რეალიზაცია სახელმწიფო ფულად-საკრედიტო და საბიუჯეტო ინსტიტუტების მიზანმიმართულ გამოყენებას მოითხოვს. ამგვარი ინსტიტუტების არ არსებობის პირობებში “შოკური თერაპიის” მეთოდის სრულფასოვანი გამოყენება შეუძლებელია და ყოველგვარი მცდელობა წარუმატებლობისთვისაა განწირული [პაპავა ვ.2002. გვ. 334]. ამ შეცდომის გამოსწორება მოხერხდა მას შემდეგ, რაც რუსეთის მიერ ფულის ერთეულების მოწოდების შეწყვეტის გამო შემოღებული იქნა გარდამავალი ვალუტა - კუპონი. მაგრამ, არასწორი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გატარების (ხორციელდებოდა სრულიად გაუმართლებელი ფულადი და საბიუჯეტო ემისია, საზღვარგარეთის კრედიტების არადანიშნულებისამებრ გამოყენება) შედეგად მოხდა კუპონის გაუფასურება, რასაც ჰიპერინფლაცია მოჰყვა.   

უნდა აღინიშნოს, რომ პირველ ეტაპზე გარდაქმნების განხორციელების პროცესში დაშვებული იქნა სტრატეგიული ხასიათის მეთოდოლოგიური შეცდომები. ეკონომიკური რეფორმები ერთმანეთისაგან იზოლირებულად განხორციელდა. მათ კომპლექსური, თანამიმდევრული ხასიათი და ერთიანი მეთოდოლოგია არ ჰქონდა [ჭითანავა ნ. 1997].

მიუხედავად ამისა, ეკონომიკური განვითარების ახალ ეკონომიკურ წყობაზე გადასვლის თვალსაზრისით არაერთი ღონისძიება გატარდა: მოხდა ფასების ლიბერალიზაცია, შეიქმნა საკუთარი ფულადსაკრედიტო და საგადასახადო სისტემა, მოხდა სასოფლო-სამეურნეო მიწებისა და საბინაო სექტორის რეფორმა, განხორციელდა მცირე პრივატიზაციის პირველი ეტაპი, და სხვ.

სტაბილიზაცია და ეკონომიკური ზრდის დასაწყისი. ამ პერიოდს მიეკუთვნება 1994 წლის მეორე ნახევარი და 1995 წელი. ხანგრძლივი ეკონომიკური დაქვეითების შემდეგ, რასაც თან ახლდა ჰიპერინფლაცია, უმუშევრობის მაღალი დონე და უკიდურესად გამწვავებული პოლიტიკური, კრიმინოგენური და სოციალური პრობლემები, როგორც ქართველ ეკონომისტთა, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების (უპირველეს ყოვლისა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის) მიერ შემუშავებული, თვისებრივად ახლებურად გააზრებული პროგრამის საფუძველზე იწყება ახალი პოლიტიკის გატარება რეფორმების განხორციელებაში. შედეგად, მოხერხდა კუპონის ინფლაციის მოთოკვა, რითაც მომზადდა პირობები ეროვნული ვალუტის - ლარის შემოსაღებად. ლარის შემოღების შემდეგ კიდევ უფრო შემცირდა ინფლაცია და დამყარდა სტაბილური საცვლელი კურსი ეროვნულ ვალუტასა და აშშ დოლარს შორის. შედეგად, პირველად რეფორმების განმავლობაში, შეჩერდა ვარდნა და დაიწყო ეკონომიკური ზრდა - 1995 წლის განმავლობაში მშპ 2,6%-ით გაიზარდა.

დაჩქარებული ეკონომიკური ზრდა. ეს პერიოდი მოიცავს 1996-1997 წლებს. საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის სწორი პოლიტიკის (არსებითად “შოკური” თერაპიის) გატარებას ეკონომიკური სტაბილიზაციის დამყარება, ეკონომიკური დაცემის შეჩერება, ზრდის ტენდენციის ჩამოყალიბება, ხოლო შემდეგ ეკონომიკის სწრაფი ზრდა მოჰყვა. 1996-1997 წლებში მთლიანი შიდა პროდუქტი საშუალოდ 11%-ით იზრდებოდა მყარი ეროვნული ვალუტისა და ინფლაციის დაბალი ტემპების პირობებში. განვითარების ამ ეტაპზე მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და შეივსო საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის საკანონმდებლო ბაზა, ძირითადად დამთავრდა მცირე და საშუალო საწარმოთა პრივატიზება, განხორციელდა მიწის საკუთრების ტრანსფორმაცია, გაძლიერდა უცხოური ინვესტიციების მოზიდვა; გაუმჯობესდა ფულად-საკრედიტო სისტემა, გათავისუფლდა ლარის საცვლელი კურსი და მისი რეგულირება მიენდო საბაზრო კანონებს, გაუმჯობესდა საინვესტიციო პირობები და სხვ.

ეკონომიკური ზრდის ტემპების შენელება და სოციალური პირობების გაუარესება. საქართველოს მიერ სატრანზიტო ქვეყნის ფუნქციის შეძენა. იგი იწყება 1998 წლიდან და გრძელდება 2004 წლამდე. ამ პერიოდის განმავლობაში ეკონომიკური ზრდის ტემპები, 2003 წლის გამოკლებით, დაბალია (საშუალოდ 3-4%), ხოლო სოციალური პირობები გამწვავებული (საბიუჯეტო კრიზისის გამო არ გაიცემა ხელფასები და პრემიები, სახეზეა ენერგეტიკული კრიზისი), ეცემა ვალუტის კურსი, იზრდება ინფლაციის ტემპები.

ამ ეტაპზე ნეგატიური პროცესების განვითარების ძირითადი მიზეზი მდგომა-რეობდა ეკონომიკური რეფორმების დამუხრუჭებაში, რაც, თავისთავად, სახელმწიფოს მარეგულირებელი ფუნქციების არაეფექტიანობით იყო განპირობებული.

ეკონომიკასა და სოციალურ სფეროში არსებულ სიძნეელეებს მოჰყვა პოლიტიკური სიტუაციის დაძაბვა, შედეგად კი ვარდების რევოლუცია მოხდა.

ამ პერიოდისათვის მეტად მნიშვნელოვანი მოვლენაა ის, რომ საქართველო გახდა ნავთობის სატრანზიტო ქვეყანა. 1998 წლის 10 დეკემბერს ბაქოში სანგაჩალის ტერმინალიდან “დასავლეთის მიმართულების” ნავთობ¬სადენში ჩაიტვირთა პირველი ნავთობი და ამით აზერბაიჯანის ნავთობის საერთაშორისო კონსორციუმმა დაიწყო კასპიის ადრეული ნავთობის ტრანსპორტირება ბაქო-სუფსის მიმართულებით. 1999 წლის იანვრის პირველ კვირას ნავთობი საქართველოში შემოვიდა.

სოციალური პირობების გაუმჯობესება და ეკონომიკური ზრდის ტემპების დაჩქარება. საქართველოს მიერ სატრანზიტო ქვეყნის ფუნქციის გაძლიერება. ეს ეტაპი იწყება ვარდების რევოლუციის შემდეგ და გრძელდება რუსეთ-საქართველოს ომამდე (2004 წლიდან 2008 წლის 8 აგვისტომდე). ამ პერიოდის განმავლობაში მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო ზრდის წლიურმა ტემპებმა 9-10 პროცენტი შეადგინა. რეალური მშპ მთლიანად 42,6 პროცენტით გაიზარდა, აღმოიფხვრა საბიუჯეტო და საფინანსო კრიზისი (სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი, გასტუმრებული იქნა საპენსიო და სახელფასო დავალიანებები და ა.შ.); დაძლეულ იქნა ენერგეტიკული კრიზისი (ქვეყნის მთელ მოსახლეობას და ეკონომიკას ელექტროენერგია და გაზი შეუფერხებლად მიეწოდებოდა); ეკონომიკაში საშუალო წლიური ხელფასი 3-ჯერ და მეტად გაიზარდა, გაუმ-ჯობესდა ქვეყნის ინფრასტრუქტურა (შეკეთდა საქალაქო და საავტომობილო გზების უდიდესი ნაწილი, აშენდა ახალი გზები და კიდევ უფრო სტაბილური გახდა მაკრო¬ეკონომიკური გარემო, გაუმჯობესდა ბიზნესის კეთების პირობები (მოხდა საგადასახადო კოდექსის გამარტივება და ლიბერალიზაცია, ლიცენზირებისა და ნებართვების გაცემის პროცედურების გამარტივება და სხვ.), გაღრმავდა პრივატიზების პროცესი, კიდევ უფრო გაძლიერდა საბანკო სექტორი და ა.შ.

ამ პერიოდისათვის მნიშვნელოვანია ის, რომ კიდევ უფრო გაძლიერდა საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის სტატუსი. 2005 წლის მაისში “თბილისი-ბაქო-ჯეიჰანის” ნავთობ¬სადენის მეშვეობით დაიწყო აზერბაიჯანიდან “აზარი-ჩირაგი-გიუნეშლის” საბადოდან მოპოვებული ნავთობის ექსპორტირება. იგი კასპიისა და ხმელთაშუა ზღვებს შორის ნავთობის ტრანსპორტირების პირველი პირდაპირი მარშრუტია. მისი მშენებლობა 4 მლრდ აშშ დოლარი დაჯდა. იგი მსოფლიოში ყველაზე გრძელი (სულ 1768 კმ, აქედან აზერბაიჯანზე - 443, საქართველოზე - 249, ხოლო თურქეთზე 1076 კმ მოდის) ნავთობსადენია.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ის, რომ საქართველო გახდა არა მხოლოდ ნავთობის, არამედ ბუნებრივი გაზის სატრანზიტო ქვეყანა. შაჰდენიზის გაზსადენი (ანუ სამხრეთ კავკასიის, ან ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი) გადის შაჰდენიზის გაზის ბაქნის აზერბაიჯანის სექტორიდან საქართველოს გავლით თურქეთში. შანგაჩალის ტერმინალიდან პირველი საცდელი ბუნებრივი აირი გაზსადენში ჩაიტვირთა 2006 წლის 21 მაისს. გაზის პირველი გაშვება 2006 წლის 30 სექტემბრისთვის იყო დაგეგმილი, მაგრამ ტექნიკური მიზეზების გამო გაზსადენი ექსპლუატაციაში 2006 წლის 20 დეკემბერს შევიდა. გაზსადენი, ბუნებაზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირების მიზნით, იმავე კორიდორში აშენდა, სადაც რამდენიმე წლით ადრე “ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი” გაიყვანეს. გაზსადენის სიგრძე 692 კმ-ია, ხოლო წლიური გამტარობა 16 მილიარდი კუბური მეტრი.

ამ პერიოდისათვის დამახასიათებელია სერიოზული ნაკლოვანებაც: საკუთრების ხელშეუხებლობის პრინციპის ხელყოფა, ეკონომიკაში არაეკონომიკური ჩარევები, ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის ფაქტობრივად გაუქმება, სხვაობის გაიზარდა ექსპორტსა და იმპორტს შორის და სხვ.

ეკონომიკური ზრდის ტემპების შენელება და ეკონომიკური ვარდნა. ეს პერიოდი ემთხვევა რუსეთ-საქართველოს ომს და მსოფლიო საფინანსო კრიზისის დაწყებას. ომმა 1 მილიარდი დოლარის ზარალი მიაყენა ქვეყანას. როგორც შიდა, ისე უცხოური ინვესტიციების შემცირების შედეგად ეკონომიკური ზრდის ტემპები 2008 წელს შემცირდა (შეადგინა მხოლოდ 1,9%), ხოლო 2009 წელს იგი უარყოფითი სიდიდე გახდა (3,9%). ამავე პერიოდში დაიწყო ლარის კურსის ვარდნა, საბანკო სექტორში წარმოშობილ შეფერხებებს მოჰყვა კრედიტებისა და, შესაბამისად, ინვესტიციების შეკვეცა, თითქმის გაკოტრების პირას მივიდა სამშენებლო ბიზნესი, გაუარესდა ქვეყნის ეკოლოგიური სიტუაცია, მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა საკურორტო მეურნეობამ და ა.შ.

მიუხედავად ამისა, საქართველოს ეკონომიკამ ამ ორ დიდ ნეგატიურზე¬მოქმედებას გაუძლო და უარყოფითი შედეგები ფართომასშტაბიან ეკონომიკურ კრიზისში არ გადაზრდილა, რაშიც დიდი როლი საერთაშორისო დახმარებამაც ითამაშა.

ეკონომიკური დაქვეითების დაძლევა და ზრდის ტენდენციის აღდგენა. იგი იწყება 2010 წელს და გრძელდება დღესაც. მიუხედავად წინა პერიოდში არსებული სიძნელეებისა, 2010 წელს არა მხოლოდ დაქვეითება იქნა დაძლეული, არამედ ადგილი ჰქონდა ზრდასაც (6,4%). ზრდის ტემპების დაჩქარებაზე მეტყველებს ასევე 2011 წლის მაჩვენებლები. უკვე განვლილი კვარტლის განმავლობაში მთლიანი შიდა პროდუქტი 5,5%-ით გაიზარდა.

მოსახლეობისადმი სოციალური დახმარებების მნიშვნელოვანი ზრდა, ზრდის ტემპების შემცირება, ლარის კურსის ვარდნა. იგი მოიცავს პერიოდს 2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე. ამ პერიოდისათვის დამახასიათებელია ეკონომიკის სოციალური ორიენტაციის მნიშვნელოვანი გაძლიერებას, რაც მძიმე ტვირთად აწვება ეკონომიკას და იწვევს ზრდის ტემპების შემცირებას, მაგრამ, მიგვაჩნია, რომ იგი აუცილებელი ღონისძიება იყო. ზრდის ტემპების შენელება ასევე გამოიწვია პოლიტიკური დაძაბულობის არსებობამ და ბიზნესში ახალი რეგლამენტაციის მოლოდინმა. სავალუტო კურსის დაცემა განპირობებული იყო საშინაო და საგარეო ფაქტორთა ერთობლიობით, მათ შორის, უარყოფითი სავაჭრო სალდოს არსებობით, წმინდა ფაქტორული შემოსავლების შემცირებით, მსოფლიოში დოლარის კურსის გამყარებით და სხვ.

ტრანსფორმაციის გზაზე დაშვებული შეცდომები

როგორც ანალიზმა გვიჩვენა, რეფორმების გზაზე საქართველოში ერთმანეთს ენაცვლებოდა წარმატებები და წარუმატებლობები. Uუნდა ითქვას, რომ, ობიექტურ ხელისშემშლელ პირობებთან ერთად შეცდომებიც ბევრი იქნა დაშვებული რაც ძირითადად შემდეგში მდგომარეობს:

1. საწყის ეტაპზე სახელმწიფოს მიერ გატარებული არასწორი საშინაო და საგარეო პოლიტიკა. შიგა არასწორი პოლიტიკის შედეგად საზოგადოება ორ ნაწილად გაიხლიჩა (რაც დღესაც კი გრძელდება). გარე არასწორი პოლიტიკის შედეგად ჩვენ დავუპირისპირდით მსოფლიოს დიდ სახელმწიფოს. ორივე ამ შეცდომამ ქვეყანა მიიყვანა სამოქალაქო დაპირისპირებამდე, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევამდე და კრიმინოგენური სიტუაციის უკიდურესად დაძაბვამდე. ეკონომიკა ცალკეული კრიმინალური დაჯგუფებების ხელში აღმოჩნდა.

2. დიდი ხნის განმავლობაში დამნაშავე ელემენტებთან ბრძოლის არაეფექტიანი ზომების გატარება, რის გამოც მძიმე კრიმინოგენური სიტუაცია წლობით გაგრძელდა.

3. ეკონომიკური რეფორმების არაკომპლექსურობა და არასისტემურობა.

4. ლიბერალური პოლიტიკის არასწორი აღქმა და განხორციელება. მთელ პოსტკომუნისტურ პერიოდს წითელ ზოლად გასდევს ეკონომიკის სახელმწიფო რეგულირებაზე თითქმის ხელის აღება ლიბერალური პოლიტიკის განხორციელების საბაბით, თუმცა, ლიბერალური პოლიტიკა არ ხორციელდებოდა, ვინაიდან უკანასკნელ პერიოდამდე ბიზნესი განიცდიდა სახელმწიფოს მხრიდან უხეშ არაეკონომიკურ ჩარევებს. თავდაპირველად რეკეტი ვლინდებოდა მის ყველა საფეხურზე, ბოლოს კი - უმეტესად, ფუნქციონირების დროს. მართლაც ლიბერალური პოლიტიკა რომ განხორციელებულიყო, მაინც საჭირო იყო გარკვეული დოზით პროტექციონისტური პოლიტიკის (რასაც მსოფლიოს ყველა სახელმწიფო მიმართავდა და მიმართავს საჭიროების შემთხვევაში) გატარება, რათა არ მომხდარიყო საკუთარი ეროვნული წარმოების განადგურება, რამაც ეკონომიკის ცალკეული სფეროების განუვითარებლობამდე და არასრულყოფილი საბაზრო ეკონომიკის ჩამოყალიბებამდე მიგვიყვანა.

5. რეფორმების განხორციელების არასწორი გზის არჩევა. ტრანსფორმაციული პროცესები საქართველოში იმდენად მძიმედ დაიწყო, რომ აუცილებელი იყო შოკური თერაპიის განხორციელება, მაგრამ ამისათვის საჭირო იყო წინასწარი მომზადება. ამ მხრივ პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი შეცდომა იყო საქართველოს დარჩენა სამანეთო ზონაში, რაც, ბუნებრივია, საკუთარი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გატარების საშუალებას არ იძლეოდა. არადა, საქართველომ საბაზრო ეკონომიკაზე¬ გადასვლის სწორედ საკუთარი ფულად-საკრედიტო სისტემის მქონე ქვეყნის გზა _ “შოკური თერაპიის” გზა აირჩია. “შოკური თერაპიის” მეთოდის რეალიზაცია სახელმწიფო ფულად-საკრედიტო და საბიუჯეტო ინსტიტუტების მიზანმიმართულ გამოყენებას მოითხოვს. ამგვარი ინსტიტუტების არარსებობის პირობებში “შოკური თერაპიის” მეთოდის სრულფასოვანი გამოყენება შეუძლებელია და ყოველგვარი მცდელობა წარუმატებლობისთვისაა განწირული. ასეც მოხდა, შოკურმა თერაპიამ ჩვენთან კრახი განიცადა. “შოკური თერაპიის” 13 მოთხოვნიდან მხოლოდ 2 შესრულდა [პაპავა ვ. 2002].

6. გარდამავალი ვალუტის - კუპონის შემოღების შემდეგ არასწორი ფულად-საკრედიტო  (ხორციელდებოდა სრულიად გაუმართლებელი ფულადი და საბიუჯეტო ემისია, საზღვარგარეთის კრედიტების არადანიშნულებისამებრ გამოყენება) პოლიტიკის გატარება, რის შედეგადაც მოხდა კუპონის ძლიერი გაუფასურება - ჰიპერინფლაცია.

7. საქართველოს ეკონომიკაში 1995-1997 წლებში ეკონომიკური რეფორმების წარმატებით განხორციელების შემდეგ რეფორმების კვლავ არასწორი წარმართვა, სახელმწიფოს მარეგულირებელი ფუნქციების არაეფექტიანობა. შედეგად გაიზარდა კორუფციის დონე, გაძლიერდა ბიზნესის რეკეტი, წარმოიშვა საფინანსო, საბიუჯეტო და ენერგეტიკული კრიზისი, გამწვავდა კრიმინოგენური სიტუაცია და ა.შ.

8. მნიშვნელოვანი საერთაშორისო დახმარებების არაეფექტიანად გამოყენება, რაც ასევე წითელ ზოლად გასდევს მთელ ტრანსფორმაციულ პერიოდს.

9. ეკონომიკის რეგულირების ფორმებისა და მეთოდების არასრულყოფილი შესაბამისობა საბაზრო მოთხოვნებისადმი.

10. მცირე ბიზნესის განვითარებისადმი უყურადღებობა. დღეისათვის საქართველოში არ არსებობს მცირე ბიზნესის მხარდამჭერი ინფრასტრუქტურა, რაც ხელს უშლის ძლიერი საშუალო ფენის ჩამოყალიბებას

11. წლების განმავლობაში სოფლის პრობლემების უგულებელყოფა, რის გამოც სოფლის ეკონომიკა, ფაქტობრივად, განადგურების პირას მივიდა.

12. ომი რუსეთთან. ვერ შევძელით რუსეთთან ომის თავიდან აცილება, რო-მელმაც საქართველოს ეკონომიკას დიდი ზიანი მიაყენა. გარდა ტერიტორიების დაკარგვისა, მას მოჰყვა ეკონომიკური განვითარების შეფერხება, ინვესტიციების შემცირება, წმინდა ეკონომიკური ზარალი.

13. პრივატიზაციის დროს დაშვებული შეცდომები. 

14. საჯარო სამსახურებში მომუშავეთათვის არაოფიციალურად ასაკობრივი შეზღუდვის დაწესება. არასაპენსიო ასაკის მქონე პირთა სამსახურიდან გათავისუფლებას მოჰყვა ქვეყანაში უმუშევართა რაოდენობის ხელოვნური ზრდა.

15. კერძო საკუთრების (რომელიც საბაზრო ეკონომიკის ქვაკუთხედს წარმოადგენს) ხელშეუხებლობის პრინციპის ხელყოფა.

16. ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის ფაქტობრივად გაუქმება. შედეგად შემცირდა კონკურენციის დონე, რაც საგანგაშოა საბაზრო ეკონომიკის შემდგომი განვითარებისათვის.

17. საზოგადოებაში სოციალური დაძაბულობის ზრდა როგორც საზოგადოების ცალკეულ ფენებს, ასევე საზოგადოების დიდ ნაწილსა და მთავრობას შორის.

18. შემოსავლების უთანაბრობის ზრდა. რაც ასევე ზრდის სოციალურ დაძაბულობას.

დღეისათვის არსებული ნაკლოვანებები და ეკონომიკის განვითარების ზოგადი მიმართულებები

ყოველივე ამის გამო, რეფორმების დაწყებიდან 25 წელზე მეტი ხნის განმავლობაშიც კი სრულყოფილ საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა ვერ მოხერხდა. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ის, რომ დღეისათვის განუვითარებელია საბაზრო ინფრასტრუქტურა (სასაქონლო, საფონდო და შრომის ბირჟები, სადაზღვევო სერვისი, საინვესტიციო ინსტიტუტები, მარკეტინგული, ინჟირინგული, კოლსანტინგური და საინფორმაციო სამსახურები და სხვ.), არაპროგრესულია, როგორც ეკონომიკური (განუვითარებელია სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო წარმოება, დაბალია მცირე ბიზნესის განვითარების დონე, ექპორტს რამდენჯერმე აღემატება იმპორტი და ა.შ.), ისე სოციალური სტრუქტურა (ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბდა ძლიერი საშუალო ფენა, საკმაოდ დიდია უმუშევრობისა და სიღარიბის დონე და ა.შ.).

მომავალში საქართველოს ეკონომიკაში არსებული ნაკლოვანებების აღმოფხვრა და სწორ გზაზე გასვლა ვერ მოხერხდება უბრალოდ ინერციით სვლის შედეგად. მთავარი ყურადღება ეკონომიკურ განვითარებაზე, ანუ ეკონომიკის თვისებრივ სრულყოფაზე უნდა იქნეს გადატანილი, რათა აღმოიფხვრას ეკონომიკის დეფორმირებულობა. ეს კი განხორციელდება ქვეყანაში ახალი ანუ ინოვაციური ეკონომიკის მშენებლობის მეშვეობით. მაგრამ, დღეისათვის ამ მიმართებითაც მდგომარეობა მეტად არასახარბიელოა. კერძოდ:

1. სავალალო მდგომარეობაშია ქვეყნის სამეცნიერო პოტენციალი: მიუხედავად გარკვეული ზრდისა, მცირეა მეცნიერთა ხელფასი, საგანგაშოდ  კლებულობს მათი რაოდენობა, მოშლილია მეცნიერების მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, მსოფლიოში თითქმის ყველაზე დაბალია სახელმწიფო ბიუჯეტიდან მეცნიერების დაფინანსების ხვედრითი წილი მთლიან შიგა პროდუქტში და ა.შ.

2. სერიოზულ გარდაქმნას მოითხოვს უმაღლესი, პროფესიული მომზადებისა და უწყვეტი განათლების სისტემა. იგი ჯერ კიდევ სრულად არ არის ორიენტირებული ცოდნასა და ეკონომიკის მოთხოვნაზე. განათლების მიღება ვერ გახდა მომავალში შემოსავლის ზრდის გარანტირებული საშუალება. განუვითარებელი და არაეფექტურია კადრების გადამზადების სისტემა და სხვ.

3. დაბალგანვითარებულია სამეცნიერო კვლევების მომსახურების სისტემა (სოფლად ჯიშთა გამოცდისა და საკონსულტაციო სადგურები, საკონსულტაციო ცენტრები, ჰიდრომეტეოროლოგიური, გეოლოგიური, გეოდეზიური, მეტროლოგიური, სეისმოლოგიური, სამოდელო, ხარისხის მართვის, ინტელექტუალური საკუთრების დაცვის, სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის, სტანდარტიზაციისა და სხვ. სამსახურები).

4. თითქმის არ არსებობს კვლევის შედეგების წარმოებაში გადაცემის სისტემა (ბიზნესინკუბატორები, ტექნოპარკები, საკონსულტაციო და ტექნოლოგიის გადაცემის ცენტრები და სხვ.).

5. არ არსებობს ტექნოლოგიების დიფუზიის ხელშემწყობი მექანიზმები - მაღალტექნოლოგიური ეკონომიკური ზონები და სხვ.

6. დაბალია მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების დონე, არ არსებობს მცირე საწარმოთა მხარდაჭერის ინფრასტრუქტურა და ინოვაციური მცირე საწარმოები.

7. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო აღიარებს ინოვაციური ეკონომიკის მშენებლობის აუცილებლობას, არ არსებობს მკვეთრად გამოკვეთილი საინოვაციო პოლიტიკა - შესაბამისი სტრატეგია და სახელმწიფო რეგულირების მექანიზმი; არ არსებობს შესაბამისი სრულყოფილი საკანონმდებლო ბაზა და ინოვაციების განვითარების მასტიმულირებელი სისტემა, წამახალისებელი საფინანსო, საგადასახადო და სხვა მექანიზმები.

8. განსაკუთრებით უგულვებელყოფილია რეგიონული საინოვაციო საქმიანობა.

9. არ ხდება დონორების მიერ პროექტების განხორციელების შემდგომი მხარდაჭერა, რასაც ნულამდე დაყავს დონორთა საქმიანობა.

10. განუვითარებელია საგრანტო სისტემა და დაბალია მისი მენეჯმენტი.

11. თითქმის არ არსებობს კავშირი მეცნიერებას,  ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის.

12. თითქმის არ არსებობს სახელმწიფოს მხრიდან შეკვეთები სამეცნიერო კვლევებზე.

13. თითქმის არ ხორციელდება საკუთარ კვლევებზე დაფუძნებული ინოვაციები. ინოვაციების იმპორტი შედარებით ხორციელდება მხოლოდ კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში, რასაც განაპირობებს ის, რომ არსებობს ახალი ტექნოლოგიების შემოტანის დამამუხრუჭებელი მრავალი ფაქტორი - ცოდნის უქონლობა, პოლიტიკური ნებისა და ინსტიტუციური მხარდაჭერის არარსებობა, ფინანსური რესურსების სიმწირე, პოლიტიკური და სოციალური დაძაბულობა და სხვ.

დასკვნები და წინადადებები

იმისათვის, რომ მოხდეს ინოვაციური ეკონომიკის ფორმირება, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია საბაზრო პრინციპების განუხრელი დაცვა:

1. ბიზნესში სახელმწიფოს არაეკონომიკური ჩარევების გამორიცხვა.

2. ბიზნესის გადაქცევა საშიში სფეროდან შემოქმედებით, საზოგადოებრივ კიბეზე სულ უფრო სწრაფი წინსვლის სფეროდ.

3. სიმდიდრის ფენომენის ტრანსფორმაცია. კანონიერი სიმდიდრის მოპოვებისა და ინვესტიციების გაწევის ყოველმხრივი წახალისება.

4. საბაზრო კონკურენციის გაძლიერება ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის ცხოვრებაში განუხრელი გატარება.

5. კერძო საკუთრების ხელშეუხებლობის პრინციპის დაცვა საკუთრების ფორმათა სრული პლურალიზაციის პირობებში.

6. სახელმწიფოს მარეგულირებელი ფუნქციების გაძლიერება. მან უნდა უზრუნველყოს საბაზრო პრინციპების მაქსიმალური დაცვა; ჯანსაღი ფინანსური ურთიერთობების ჩამოყალიბება; ოპტიმალური გადასახადები და სოციალური დახმარებები; მაქსიმალური ძალისხმევა გამოავლინოს მეცნიერების განვითარებისა და მისი შედეგების წარმოებაში დასანერგად, ინოვაციების განხორციელების გზით და ა.შ. სახელმწიფოს სწორმა პოლიტიკამ უნდა უზრუნველყოს პატერნალიზმის, ეტატიზმის, ნეპოტიზმის, კორუფციისა და ნებისმიერი სხვა უარყოფითი გამოვლინების აღმოფხვრა. სწორედ მან უნდა განახორციელოს ეროვნული წარმოების ხელშემწყობი პოლიტიკა, რის შედეგადაც სამამულო პროდუქცია კონკურენტუნარიანი გახდება იაფ, მაგრამ დაბალხარისხოვან იმპორტულ საქონელთან შედარებით. ამასთან, ამ პოლიტიკის მიზანი უნდა იყოს ეკონომიკის განვითარებისათვის გრძელვადიანი პერსპექტივების შექმნა და არაპროდუქციის ყველა სახეობის მიხედვით  თვითუზრუნველყოფის მიღწევა.

დღეისათვის საქართველოს ეკონომიკაში, გარდა ზემოთ მოყვანილი გენერალუ-რი ხაზისა, აუცილებელია გათვალისწინებული იქნეს შემდეგი:

1. უმუშევრობის დონის შემცირებისათვის შრომის ბაზრის ინსტიტუციური მოწყობა. დღეისათვის შრომის ბაზარი საქართველოში უკიდურესად სტიქიურია: არ არსებობს მოქმედი დასაქმების სახელმწიფო სამსახური და მთელი ინფრასტრუქტურა, რომელიც მის ფუნქციონირებასთანაა დაკავშირებული. ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, შეუძლებელია, არათუ რეგულირების განხორციელება, არამედ, უბრალოდ უმუშევრობის რეალური სურათის დახატვაც კი.

2. უპირატესობა უნდა მიენიჭოს ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელიც ეკონომიკას გადააადგილებს არა ფილიპსის მრუდზე, არამედ, გამოიწვევს თვით ფილიპსის მრუდის გადაადგილებებს ისეთ წერტილებში, სადაც უმუშევრობის დონე კლებულობს, ხოლო ფასების საერთო დონე უცვლელია ან უმნიშვნელოდ მატულობს. ეს მიიღწევა ისეთი ინოვაციური პროგრამების სტიმულირებით (უმუშევრობის შემცირებისაკენ მიმართული ინოვაციური პოლიტიკა), რომელიც უზრუნველყოფს ერთობლივი მოთხოვნისა და ერთობლივი მიწოდების დაახლოებით ერთნაირი ტემპებით ზრდას. სხვაგვარად რომ ვთქვათ, პროდუქციის მოცულობის ზრდის ტემპები წინ უნდა უსწრებდეს, ხოლო ხელფასების ზრდის ტემპები ჩამორჩებოდეს შრომის მწარმოებლურობის ზრდის ტემპებს, სანამ უმუშევრობის რეალური დონე არ გაუტოლდება მის ბუნებრივ დონეს. ეს მიიღწევა მატერიალური წარმოებისა და მომსახურების არსებული დარგების გაფართოებით და მათი ახალი სფეროების ათვისებით.

3. ვინაიდან საქართველოში ადგილი აქვს უმუშევრობის მაღალ დონეს და მოსალოდნელია შრომითი ემიგრანტების უკან დაბრუნება, ინოვაციების განხორციელების პირობებში აუცილებელია, ეკონომიკური ზრდის ტემპები წინ უსწრებდეს შრომის მწარმოებლურობის ზრდის ტემპებს. მაშასადამე, აუცილებელია, ეკონომიკის თვისებრივ სრულყოფასთან ერთად, ეკონომიკის მასშტაბების მნიშვნელოვანი ზრდა, რისთვისაც საჭიროა ახალი დიდი მოცულობის დაბანდებების განხორციელება.

4. უცხოური კრედიტებისა და დახმარებების გამოყენებაზე უნდა დაწესდეს მკაცრი კონტროლი და ის მიმართული უნდა იქნეს ეკონომიკური ზრდის დაჩქარებისაკენ.

5. დღეისათვის ქვეყანაში საპროცენტო განაკვეთი მაღალია და საბანკო კრედიტები ძირითადად იპოთეკური და სამომხმარებლო ხასიათისაა, ამიტომ საჭიროა, სახელმწიფომ ბანკებთან ერთად განახორციელოს მსხვილი პროექტები მატერიალური წარმოების სფეროში, რის შედეგადაც, ბანკებისათვის რისკების შემცირების პირობებში, კრედიტები მოხმარდება ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, ეკონომიკის ზრდას, უმუშევრობისა და სიღარიბის დონის შემცირებას;

6. დიდი ყურადღება უნდა მიექცეს მცირე ბიზნესის განვითარებას, რაც უდიდესი რეზერვია სიღარიბისა და უმუშევრობის დონის შემცირების, საშუალო ფენის გაძლიერებისა და, საერთოდ, მაკროეკონომიკური სტაბილიზაციისათვის. მცირე ბიზნესის განვითარებისათვის აუცილებელია შეიქმნას მისი სახელმწიფო მხარდაჭერის ინფრასტრუქტურა.

7. გაწონასწორებული სავაჭრო ბალანსის დასამყარებლად საჭიროა საკუთარი სამეცნიერო-ტექნიკური პოტენციალის გამოყენება და გაძლიერება. რეფორმები მეცნიერებისა და განათლების სფეროში უნდა დაიწყოს დღეისათვის არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით და თანდათან დავძლიოთ ნაკლოვანებები და ისე მივაღწიოთ მსოფლიო დონეს. ამ სფეროში აუცილებელია ქვეყნის ისტორიული, კულტურული და სხვა ეროვნული თავისებურებების გათვალისწინება. უპირველეს ყოვლისა, უნდა გადავარჩინოთ ის სამეცნიერო პოტენციალი, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს ქვეყანაში.

8. საბაზრო ეკონომიკის შემდგომი სრულყოფა და ეკონომიკური ზრდა, სახელმწიფო რეგულირების გაუმჯობესება დადებით გავლენას მოახდენს განათლებაზე როგორც რაოდენობრივი, ისე თვისებრივი თვალსაზრისით და თანდათან ის ნაკლოვანებები, რომელიც დღეისათვის გააჩნია განათლების სისტემას აღმოიფხვრება, ანუ გაიზრდება მოთხოვნა მაღალი კვალიფიკაციის მუშაკებზე; შრომის ანაზღაურება მოხდება მათი კვალიფიკაციის დონის შესაბამისად; განათლება გახდება საბაზრო სისტემის შემადგენელი ნაწილი, ამასთანავე ამაღლდება მისი სახელმწიფო რეგულირების ეფექტიანობა, გაიზრდება მეცნიერებისა და განათლების სისტემის დაფინანსების მოცულობა; გაუმჯობესდება მასწავლებელთა მომზადებისა და გადამზადების სისტემა; დაინერგება ინოვაციური (ცვალებადი ეკონომიკისადმი შესაბამისი) სასწავლო ტექნოლოგიები; სულ უფრო და უფრო დაუახლოვდება სასწავლებლებში მიღებული ცოდნა ეკონომიკის გაზრდილ ტექნიკურორგანიზაციულ მოთხოვნებს; ამაღლდება ქვეყნის განათლების სისტემის ინტეგრაცია მსოფლიო განათლების სისტემასთან (საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტების ჰარმონიზაცია) ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებით; დაინერგება სწავლების თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიები (ელექტრონული სწავლება), რაც სრულიად ახალ დონეზე აიყვანს განათლების სისტემას.

9. უნდა ჩამოყალიბდეს ქვეყნის საინოვაციო პოლიტიკა. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს უმთავრესად საკუთარ კვლევებზე დაფუძნებული ინოვაციური სისტემის ფორმირებასა და მაღალი ტექნოლოგიების (hi-tech) გამოყენებას, რაც კარდინალურ ცვლილებებს იწვევს ეკონომიკაში, ცვლის რა მისი განვითარების ტენდენციებს როგორც ლოკალური, ისე გლობალური მასშტაბით.

10. დღეისათვის საქართველოში არის ნახევრად ნატურალური (საქართველოში ფერმათა 90% ნატურალურია), დაბალმექანიზებული (ძირითადი იარაღი კვლავ თოხი, ბარი, ნაჯახი და ცელია) და ამიტომ დაბალ¬მწარმოებლური, განუვითარებელი ინფრასტრუქტურის მქონე სოფელი. უაღრესად მძიმე პირობების გამო, სოფლად მცხოვრებს არ შეუძლია ყველა სიძნელის გადალახვა და განვითარებული სასოფლო წარმოების ჩამოყალიბება. ამდენად, სახელმწიფოს მხრიდან სოფლისადმი ქმედითი დახმარება  აუცილებელია. მაგრამ, ეს არათუ უნდა ასუსტებდეს ფერმერის სტიმულებს, არამედ უნდა აძლიერებდეს მას. ბუნებრივია, მთავარი აქცენტი გადატანილი უნდა იყოს იმაზე, რომ ფერმერი ზრდიდეს წარმოებას, ნერგავდეს ახალ ტექნოლოგიებს, რათა რაც შეიძლება მალე გარდაიქმნას თანამედროვე სასაქონლო ფერმად. რა¬საკვირველია, საზღვარგარეთ ასეთი მდგომარეობის მიღწევას ათწლეულები დაჭირდა, მაგრამ ჩვენ გვაქვს უპირატესობა, რომ პირდაპირ, მზამზარეულად გამოვიყენოთ ის მიღწევები, რაც უკვე არსებობს განვითარებულ ქვეყნებში. საქართველოსათვის ეს კიდევ უფრო იოლია, ვინაიდან ის პატარა ქვეყანაა და დასავლეთი მას დიდ დახმარებებს უწევს. საჭიროა, აგრეთვე, ადგილობრივი ბიზნესის დაინტერესება. ეროვნულ კომპანიებს შეუძლიათ შეიძინონ ფერმები და დააბანდონ ინვესტიციები.Gგასათვალისწინებელია ისიც, რომ ხშირად სოფლის პრობლემები გაიგივებულია მხოლოდ სოფლის მეურნეობასთან და ასევე ხშირად სოფლის განვითარებაზე საუბრობენ ისე, რომ მხედველობაში არ იღებენ მთელი ეკონომიკის, განსაკუთრებით მრეწველობის განვითარების დონეს.

11. ენერგეტიკის სფეროში, უპირველეს ყოვლისა, მთავარი ყურადღება უნდა გამახვილდეს ქვეყნის მდიდარი ჰიდრო და არატრადიციული ენერგო¬რესურსების ათვისებაზე. არავითარ შემთხვევაში ხელაღებით არ უნდა ვთქვათ უარი მსხვილი ელექტროსადგურების აშენებაზე, რასაკვირველია, შესაბამისი ეკოლოგიური დასაბუთების საფუძველზე. ამ საკითხების გადაჭრის დროს უნდა გვახსოვდეს, რომ გარკვეულ ეკოლოგიურ დათმობაზე წასვლა აუცილებლად მოგვიწევს, რომ გათვლები უნდა ვაწარმოოთ არა მოკლე და გრძელვადიანი პერიოდის, არამედ შორეული პერსპექტივის გათვალისწინებით, ვინაიდან ეკონომიკა სწრაფად ვითარდება და სათბობი ენერგიის მარაგები კი მსოფლიოში თანდათან იწურება. ელექტროენერგიის დეფიციტი უფრო მეტ ეკოლოგიურ (რომ არაფერი ვთქვათ ეკონომიკურ პრობლემებზე) პრობლემებს (ტყის გაჩეხვა, ანტისანიტარიის ზრდა და სხვა) წარმოშობს, ვიდრე გარკვეული ეკოლოგიური დათმობები, გამოწვეული მსხვილი ჰიდროელექტრო¬სადგურების მშენებლობით. რასაკვირველია, ასევე გასათვალისწინებელია ეროვნულ ფასეულობათა შენარჩუნების მტკივნეული მოთხოვნები.

12. მრეწველობის განვითარება ყველა სხვა დარგის განვითარების საფუძველია. პერსპექტივაში ორიენტაცია აღებული უნდა იქნეს მრეწველობის უპირატესად მეცნიერებატევადი დარგების, ასევე სოფლის ეკონომიკის უზრუნველმყოფი და ისეთი ტრადიციული დარგების განვითარებაზე, როგორიცაა კვების მრეწველობა და ჰიდროენერგეტიკა.

13. მართალია, გლობალიზაციის პირობებში სახელმწიფოს ზოგიერთი ფუნქცია იზღუდება, მაგრამ იგი იძენს უფრო დიდ, საერთაშორისო ფუნქციას, რომელიც მიმართული უნდა იყოს გლობალიზაციის ნეგატიური ზემოქმედების განეიტრალების, დახმარებების ეფექტიანი გამოყენების, კონკურენტუნარიანობის ამაღლების, საუკეთესო ეროვუნლი ტრადიციების შენარჩუნებისა და მისი შემდგომი სრულყოფისაკენ.

გამოყენებული ლიტერატურა

1. აბესაძე რ., არევაძე ნ. 2011. საქართველოს ეკონომიკა XX საუკუნის 90-იანი წლების მიჯნაზე. პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომების კრებული. ტ. 4.

2. აბესაძე რ. 2009. საქართველოს ეკონომიკა XX-XXI საუკუნეების მიჯნაზე. ჟ.: “ეკონომისტი”, №1.

3. მესხია ., მურჯიკნელი მ. 1996. ეკონომიკური რეფორმა საქართველოში, თბილისი, “თსუ გამომცემლობა”.

4. პაპავა ვ. 2002. პოსტკომუნისტური კაპიტალიზმის პოლიტიკური ეკონომია და საქართველოს ეკონომიკა, თბილისი, “პდპ”.

5. ჭითანავა ნ. 1997. გარდამავალი პერიოდის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები. თბილისი.